სოფელ ოკამში საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა.
„პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ რეაბილიტაციას: შეიცვლება კარ-ფანჯრები, ელექტრო, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობები, დაიგება კერამიკული ფილები, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები და კეთილმოეწყობა ეზო.
შენობა 1947 წელს არის აშენებული და მას დღემდე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა აღსაზრდელთა ორ ჯგუფზე მოთხოვნილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროცესს შპს „მოურავი“ ახორციელებს. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და, ჯამურად, 135 235 ლარს შეადგენს.