შუახევის მერმა ჯანჯღნარის მთაში მოიალაღეები მოინახულა
შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე ჯანჯღნარის მთაში იმყოფებოდა. ის საზაფხულო იალაღზე მოსახლეობას შეხვდა, არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფუტკარაძემ მოიალაღეებს, აჭარის მთავრობის სახელით, სამთავრობო კალათები მიუტანა და იოსებ ცეცხლაძის ოჯახი მოინახულა, რომელსაც მთაში სეზონური საცხოვრებელი სახლი და პირუტყვი დაეწვა.
,,ჯანჯღნარის მთაში მოიალაღეები მოვინახულე და მათ საჭიროებებს გავეცანი. ვეწვიე იოსებ ცეცხლაძის ოჯახს, რომელსაც გუშინ, გვიან ღამით მეხის ჩამოვარდნის შედეგად სეზონური საცხოვრებელი სახლი და 6 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაეწვა. ცეცხლაძეების საცხოვრებლის გარდა, მთაში კიდევ 3 ქოხი დაიწვა. საბედნიეროდ, ქოხებში არავინ ცხოვრობდა. იოსებ ცეცხლაძის ოჯახი რჩება მთაში და აგრძელებს სეზონურად ცხოვრებას. მათ სოციალური დახმარება გავუწიე, პირველადი მოხმარების პროდუქტები გადავეცი და სამომავლოდ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დავპირდი”, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
შუახევის მერთან ერთად, ჯანჯღნარის მთაში საკრებულოს წევრი – მირიან აბაშიძე, საფინანსო სამსახურის უფროსი – ანზორ ცეცხლაძე და ზამლეთის თემის რწმუნებული – ივერი კაკალაძე იმყოფებოდნენ.