„ლია დეიდას სივრცე“- სახლი არგვეთაში, რომელიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს

„ლია დეიდას სივრცე“ – სახლი არგვეთაში, რომელიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს

იმერეთში, სოფელ არგვეთაში ერთ უჩვეულო სახლს შეამჩნევთ, რომელიც, დიასახლისის ფანტაზიისა და კულინარიული შესაძლებლობების წყალობით, ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ამ სახლში ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებთ, მრავალფეროვან, ფერად და საინტერესო სამყაროში მოხვდებით. დიასახლისის ხელით მოხატული იატაკი, ლარნაკები, საკუთარი დიზაინით შექმნილი ჭაღები, ავეჯი, აქსესუარები, სანათები – ჰარმონიულ და დადებით განწყობას ქმნიან.

როგორც ლია კობახიძე “რეგიონულ კვირას” უყვება, ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო – მაშინ, როცა მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად ზესტაფონიდან იქვე ახლო სოფელში, არგვეთაში გადაწყვიტა გადასვლა. ოჯახმა რემონტის გაკეთება ვერ შეძლო, რის გამოც ლია დეიდამ საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყო და ერთი უბრალო სახლი ნამდვილ ზღაპრულ გარემოდ აქცია.

“ქსოვა, ხატვა, კერვა, ქარგვა, სხვადასხვა, ნივთების შეკეთება და საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოდგენა, ბავშვობიდან მიზიდავდა. ეს სახლიც ჩემი პროექტით არის აშენებული. ყველა გამოუსადეგარ ნივთს ვინახავდი და ჩემებურად გადავაკეთებდი ხოლმე“, – გვიყვება ლია კობახიძე.

ლია დეიდასთან მისულ სტუმარს შეუმჩნეველი არც გარეთა სივრცე დარჩება – უამრავი ფერადი ყვავილი, ჰამაკი, მოხატული ჭიშკარი, მისი ხელით მოპირკეთებული ჭა, ყვავილებით დაფარული ორთვალა და სხვა ბევრი აქსესუარი, რომელიც სამოთხის კარიბჭეს ჰგავს.

კაფის მოწყობის იდეა ლიას შვილს ეკუთვნის. პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი გიორგი სოფელს დაუბრუნდა და იდეაც გაჩნდა.

„თბილისში, ერთერთ ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობდი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმუშევარი დავრჩი. გადავწყვიტე სოფელში დაბრუნება და სახლის კაფედ გადაკეთება. სიმართლე რომ გითხრათ, სივრცის მოსაწყობად ბევრი დრო არ დაგვჭირვებია. უბრალოდ, მაგიდები გადავანაცვლეთ, ეს იყო და ეს“, – ამბობს გიორგი.

ლია დეიდა კერძებსაც გემრიელად ამზადებს. მენიუში საკუთარი საფირმო რეცეპტებიც აქვს, რომელიც არა მხოლოდ გემოთი, დიზაინითაც გამორჩეულია. სახელზე დიდხანს არ უფიქრიათ და „ლია დეიდას სივრცე“ დაარქვეს. ადგილზე სტუმრებს ოჯახური იდილია, გემრიელი მენიუ და პოზიტიური გარემო დახვდებათ.

„ყველა პროდუქტი ნატურალურია, ჩვენი ეზოს პროდუქტით ვუმასპინძლდებით სტუმრებს. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც გავიხსენით და რამდენიმე მგზავრი მეორედ გვესტუმრა. ვფიქრობთ, ივლისის თვიდან ჩვენი სახლი უფრო ბევრ ადამიანს უმასპინძლებს“, – ამბობს გიორგი.

პანდემიის პერიოდში შექმნილი ოჯახური ბიზნესი სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თუ ლია დეიდას ოჯახში ერთხელ მაინც მოხვდებით, შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები