ქუთაისის მერიას, UNFPA-სა და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის” მხარდაჭერას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
„მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოადგილე – ნინო თვალთვაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა – ნატალი პატარიძემ. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ. კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ. 60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას. გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს კი ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების – 80,8 წლამდე; მამაკაცების – 74,2 წლამდე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათ წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებული დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ ინიციატივაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და წნორის საპილოტე მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩართულნი არიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრი (ქუთაისი), საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია (რუსთავი), არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ (წნორი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.