ცაგერში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველ კლასში მიდიან, მერიამ საჩუქრები გადასცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი მახათაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველ კლასში მიდიან, სასწავლო ნივთები გადასცეს. ისინი სასკოლო გაერთიანების ხელმძღვანელთან – მარინა ბურჯალიანსა და საბავშვო ბაღების დირექტორებთან ერთად პატარებს ოჯახებში ესტუმრნენ და საჩუქრები თავად მიუტანეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბავშვებმა ეს ლამაზი დღე უხალისოდ არ გაატარონ.
“წელს ცაგერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულება 89 ბავშვმა დაამთავრა. ჩვენ თითოეულთან სახლში მივედით და საჩუქრები გადავეცით. ეს ნივთები სკოლაში ნამდვილად წაადგებათ. ყველა მათგანს ვულოცავ საბავშვო ბაღის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
ცაგერის N1 ბაღის დირექტორის, ციალა გუგავას თქმით, გასულ წლებში ივნისის თვე საბავშვო ბაღებში ჟრიამულით გამოირჩეოდა, მაგრამ პანდემიის პირობებში ბავშვების ბაღიდან სკოლისკენ გაცილება ცოტა განსხვავებულად მოხდა.
“წელს უჩვეულოდ მოგვიხდა ბავშვების სკოლაში გაშვება. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და სკოლამდელთა გაერთიანების სამსახურმა პანდემიის პირობები გაითვალისწინა, საჩუქრები შეიძინა, პაკეტები დავამზადეთ და ოჯახებში მივუტანეთ“, – განაცხადა ციალა გუგავამ.
მისივე თქმით, N1 სკოლამდელი დაწესებულება 28 აღსაზრდელმა დაასრულა.