“სამუშაო ჯგუფის მუშაობა ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის სწორად განხორციელებას” – ცაგერში “მეწარმე ქალთა”ფონდმა პირველი შეხვედრა გამართა
საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო ორგანიზაციათა საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის„ პროექტი ხორციელდება. დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან “მეწარმე ქალთა”ფონდმა პირველი შეხვედრა გამართა.
როგორც პროექტის ასისტენტი – ანჟელა ჩიხლაძე “რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება და მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და მოსახლეობისთვის უკეთესი ელექტრონული მომსახურეობის მიწოდება წარმოადგენს.
“პროექტი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი და წამყვანი ორგანიზაციის „კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის”, იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრისა“ და “მეწარმე ქალთა” ფონდის ურთიერთანამშრომლობითა და პარტნიორობით მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმი „მეწარმე ქალთა“ ფონდის სამიზნეა. ამიტომაც დღეს ადგილობრივ ა/სამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა უფლებებისა დაცვისა“ და „აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლებასთან“ ერთად, მოვახდინეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე ორიენტირება“, – განაცხადა ანჟელა ჩიხლაძემ.
პროექტის ასისტენტის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე, თვითმმართველობების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, რაც იმის პირობას ქმნის, რომ ურთიერთთანამშრომლობა უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება. ეს კი საჯარო მმართველობის რეფორმის უკეთ განხორციელებას შეუწყობს ხელს.