ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები ამ ქუჩაზე თებერვალში დაიწყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეჩერებული იყო. მაისიდან სამუშაოები განახლდა და ივლისის ბოლოს დასრულდება.

გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით კეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით.

საგზაო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ეს ქუჩა ქუთაისის ერთერთ ულამაზეს, ისტორიულ უბანში მდებარეობს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი რეაბილიტაცია. ამიტომაც, რეაბილიტაციის პროცესში ყველა ნიუანსი იქნა გათვალისწინებული”, – აცხადებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი.

გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 924999 ლარია განსაზღვრული და მას ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები