თერჯოლაში 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ა(ა)იპების ხელმძღვანლებთან თათბირი გამართა. თათბირზე “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია განიხილეს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებისა და მუნიციპალიტეტის შემოსულობების სხვა წყაროების მოსალოდნელი შემცირების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მიერ უნდა განხორციელდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შემცირდეს ბიუჯეტის გადასახდელები შემოსავლების განახლებული პროგნოზების შესაბამისად.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ა(ა)იპების ხელმძღვანლებს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი დავალებები მისცა, ასევე, მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე, არსებული გამოწვევების, სამომავლო გეგმების უკეთ შესწავლის მიზნით შეხვედრები დაგეგმა.
ლაშა გოგიაშვილმა მადლობა გადაუხადა თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს კორონავირუსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობისათვის, ასევე, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის.
“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ა(ა)იპების უმეტესობას, მათ შორის, სამხატვრო და მუსიკალურ სკოლებს, დისტანციურ რეჟიმში უწევს მუშაობა. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალი წელი ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდებისა და მოსახლეობისათვის კულტურული თუ სპორტული აქტივობებით დატვირთული იქნება”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.