თერჯოლაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 108 პროექტი მოეწყობა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე წელს თერჯოლაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 108 პროექტი მოეწყობა, რისთვისაც 690 ათასი ლარია განსაზღვრული.
მათივე ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები მერის წარმომადგენელ მურად ვერულაშვილსა და საკრებულოში სოფლის დეპუტატ გოჩა ვერულაშვილთან ერთად დაათვალიერა.
“ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი პროექტი განხორციელდება, რომლისთვისაც 32 000 ლარი დაიხარჯება. აქედან ორი გზის მოწყობას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ახორციელებს.
ლაშა გოგიაშვილმა, საკითხის შესწავლის მიზნით, სოფლის დეპუტატთან ერთად მდინარე ყვირილაზე მდებარე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდი დაათვალიერა, რომლის შეკეთებასაც მოსახლეობა ითხოვს და მათ ხიდის რეაბილიტაციის პირობა მისცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.