ყოფილ მეუღლეზე წლების განმავლობაში ძალადობისთვის ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ისეთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პირველად განიხილა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ. წლების განმავლობაში, სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, მათ შორის, იყო შემთხვევები, როდესაც ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელდა.

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება – დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები