მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ​ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ექვსი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ექვსი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ გვქონდა 879 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ცხრა ახალი და ამჟამად არის 888. გამოჯანმრთელებული შვიდია და საერთო რიცხვი 731-ს შეადგენს. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი დაავადებულთან კონტაქტია, ექვსი საკარანტინე სივრციდანაა და ყველა შემოტანილი შემთხვევაა. აღნიშნული ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება.

7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, შვიდივემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს კოვიდდადასტურებული 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი რუსეთიდან, მეორე – სომხეთიდან, 2-ვეს მდგომარეობა რუტინული კვლევებითა და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები