გიორგი გახარია: აღკვეთილია მძიმე დანაშაული, ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს
“აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე, უმძიმესი დანაშაული, ჩვენი, მთავრობის თითოეული წევრის, პირველ ყოვლისა, სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს, მაქსიმალურად შესაძლებელ, სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ.
„ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთასა და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას ჩვენთან უამრავი პოლიტიკური სპეკულირება მოჰყვება. გასაგებია, რომ ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო, პოლიტიკური, კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ეს ფაქტია და სამწუხაროდ ასე ხდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. სწორედ ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები. სხვა ყველაფერი, რაც ახლა ფართოდ ისმის, სამწუხაროდ, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.