ჩეხეთის ელჩმა საქართველოს მიერ Covid19-ის პანდემიის შეკავების პროცესის ეფექტიან მართვას მაღალი შეფასება მისცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მხარეებმა პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ და დროულ რეაგირებას კორონავირუსის შეკავების და მართვის პროცესთან დაკავშირებით.
“ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში საქართველოს მიერ Covid19 პანდემიის შეკავების პროცესის ეფექტიან მართვას მაღალი შეფასება მისცა. შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა თანამშრომლობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება მყარი ნარჩენების და მაჭახელაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.