იმერეთში ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან – იოსებ ხახალეიშვილთან, წყალტუბოს მერთან – გრიგოლ იოსელიანთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ – ცოტნე ზურაბიანთან ერთად, ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის – ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვანო ჯაფარაძე, გიორგი კეკელიძე, გიზო თავაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ელგუჯა თავბერიძე, ზალიკო ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ასევე, ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთვნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.