სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი ამოქმედდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ატმის მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი ამოქმედდა.
დღეიდან ფერმერებს სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე ატმის, ვაშლატამას, გარგრისა და სხვა ხილის რეალიზაცია შეუძლიათ. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებმა დეზინფექცია უნდა გაიარონ, მძღოლებს კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ხილის საბითუმო ბაზარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ ხანდამაშვილი იმყოფებოდნენ.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ხილის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე უპრობლემოდ მიმდინარეობს და ინტენსიური კრეფის შემდეგ მოსავალი ექსპორტზეც გავა.
” შარშან, 20 ივნისის მოვლენების ფონზე, ოპონენტებს ეგონათ, რამე შეჩერდებოდა და ვერ რეალიზდებოდა, 1 მანქანაც არ მოტრიალებულა უკან. წელსაც, ანალოგიურად, შექმნილია “ექსპორტირების ჩათი”, სადაც ყველა სამსახურია ჩართული, საგადასახადო, საბაჟო. გაკეთდება 1 ფანჯრის პრინციპი გურჯაანში და იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. ექნებათ მძღოლებს მწვანე კორიდორი და არცერთი მძღოლი შეფერხდება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ცნობისთვის, წელს კახეთში ატმისა და ვაშლატამას მოსავალს 35 000 ტონაზე მეტს ელიან.