არჩილ თალაკვაძე: დანაშაული, რომელიც სუს-მა აღკვეთა, მაღალი ალბათობით, საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას გამოიწვევდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დანაშაული, რომელიც უწყებამ აღკვეთა, მაღალი ალბათობით, საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

„სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გამოძიება გრძელდება და უნდა დადგინდეს, კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები