ბოდბეში დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკში გაახვია და მიატოვა – პოლიციამ ქალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.