მარინა ეზუგბაია: დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
მიუხედავად ამისა, ეზუგბაიას თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
“ახალი შემთხვევა არ გვყავს. კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა რჩება. 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 724-ია. ამ ეტაპზე, მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.
ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევ ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. რეგულაციები არსად წასულა. ყველას უნდა გეკეთოთ პირბადე, როცა შეგროვებული ხართ 10 კაცზე მეტი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ და ველაპარაკებით ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწესრიგებული. მაშინ მე უნდა გავიკეთო პირბადე. მე მივიჩნევ, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად ინფორმაციას ვაწვდი და პირბადისგან თავს ვიკავებ, მაგრამ თქვენ, ყველას უნდა გეკეთოთ, მოსახლეობასაც.
კვლავ ვამბობთ, არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ისევ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.