ნათია მეზვრიშვილი: პირბადის ტარება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია
პირბადის ტარება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის და ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის პირბადის ტარება იქნება სავალდებულო.
“რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, 12 ივლისს პარლამენტმა მიიღო დადგენილება პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, გარკვეულ ადგილებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანების ჯანმრთელობისა და ასაკის გათვალისწინებით, პირბადის ტარების წესთან მიმართებით გარკვეული გამონაკლისები დაწესდა.
„ზოგიერთი ჯგუფის, ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის განსაზღვრული პირბადის ტარება, არჩეულ იქნა ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში”, „ფრონტ” ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, მაგალითად: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე – გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას, მაგალითად, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, ჩვენ ახლა შეგვიძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ამიტომ მე მოვიხსენი პირბადე და არ მიკეთია. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქაც რისკი მაღალია. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირაა მითითებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აქ იგულისხმება მათ შორის მეტროპოლიტენი, ტაქსები. აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებშიც, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, პირბადის ტარება იქნება სავალდებულო,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.