მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი აგრძელებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა. ერთი საბურთალოს შემთხვევაა, სამი გახლავთ შემოტანილი შემთხვევები. ეს შემოტანილი შემთხვევა არის ტრანზიტი მინსკი-ერევანის რეისით. ერთი მოსკოვის რეისია, ლარსის საზღვარზე გადმოსული პაციენტია. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
არსებულ პაციენტებში ჩვენ გვყავდა ორი მძიმე ავადმყოფი და აქედან ერთის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა, განიხილება – როგორც საშუალო სიმძიმის, ერთი ჯერ კვლავ მძიმეა. მართალია, გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება, ამიტომ ჯერ მძიმე მდგომარეობაში რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.