“მიიღებს თუ არა კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას უმსხვილესი აზერბაიჯანული ინვესტიციის სასარგებლოდ?”

“კომუნიკაციების კომისია აპირებს 25 ივნისს კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ან ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს”,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “კავკასუს ონლაინი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, GNCC-ში „კავკასუს ონლაინის” გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოება მიმდინარეობდა.

“საქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილებები ისე მოხდა, კომისიისთვის წინასწარ არ შეუტყობინებიათ. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ასეთი ცვლილება განხორციელებულიყო. „კავკასუს ონლაინის“ წილი აზერბაიჯანულ კომპანია Neqsol Holding-ზე გასხვისდა.

კომპანიის შესახებ:  Neqsol Holding-ი აზერბაიჯანული ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის – BakCell-ის აქტივების 100%-იანი წილი. კომპანიას აზერბაიჯანში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. ბევრად დიდია Neqsol Holding-ის კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო აქტივის მოცულობა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. საუბარია Vodafone Ukraine-ზე, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს. „კავკასუს ონლაინის” 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 149.6 მილიონ ლარს შეადგენდა. უცნობია რა თანხა გადაიხადა ახალმა მესაკუთრემ 49%-იანი წილის შეძენაში. ამავე წელს კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 50 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 6.3 მილიონი ლარი იყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-მა „კავკასუს ონლაინის” 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრეთა ცვლილებამდე, „კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%-ს შეადგენს.

„კავკასუს ონლაინის” მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და „კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა განგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

აქვე მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიას 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა „კავკასუს ონლაინს“ წილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. რამდენიმე წლის წინ „კავკასუს ონლაინმა” საკუთარი საცალო ქსელის „მაგთიზე” რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.

თუკი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა „კავკასუს ონლაინს” და „რკინიგზის ტელეკომს”, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ „კავკასუსი” აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები