ლეგენდა მთავარანგელოზზე – ზემო რაჭაში „საჯვარეობას” აღნიშნავენ

ზემო რაჭის 2 სოფელში, ღარსა და კვაჟა-გომში წარმართულ დღესასწაულს-„საჯვარეობას“ აღნიშნავენ. ადგილობრივებში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მთავარანგელოზმა ის გზა გაიარა, რომელსაც ცხენოსნები სიმღერით ამ დღეს გადიან. მთავარანგელოზი თითქოს სამ ადგილას შეჩერდა (ამის გამო დღესასწაულს ადრე სამჯვარეობასაც ეძახდნენ) და შემდეგ საჯვარეს მთის კლდეში განმარტოვდა. როგორც ამბობენ, ამ ამბავს ერთი ღარელი კაცი შესწრებია, ამის შემდეგ მამაკაცები იმ გზას ცხენებითა და სიმღერით გადიან, ცხენებზე ქალებიც სხდებიან, მაგრამ იმ სალოცავზე ასვლის უფლება, სადაც მამაკაცები მიდიან, მათ არ აქვთ.
„საჯვარეობაზე“ ბროლაშვილებში ცხენს ჭედავენ, ორბელიძეებში კი სალოცავში წასაღები განატეხი ცხვება. საჯვარეობას ზემო რაჭაში უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ. ამ დღეს ღმერთს ოჯახის, კუთხისა და სამშობლოს ბედნიერებას ავედრებდნენ. დღესასწაულზე ყველა ცხენს კაზმავს და სოფლის ცენტრში იკრიბება. შემდეგ სიმღერით მიდიან და უკან მეორე დღეს, საღამოს პირზე ბრუნდებიან. წინ მახარობელი მოუძღვით, რომელიც სოფელში მომლოდინე ხალხს მათ მშვიდობიან დაბრუნებას ამცნობს. ამის შემდეგ კი ტრაპეზი და მოლხენა იმართება.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები