რატომ ამბობდნენ მოდულში 20 დღით ადრე, კრიალაშვილი „ტრუპიაო“?
„მუხროვანის ამბოხის“ მოწმე გია ღვალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ინტერვიუში სკანდალურ ინფორმაციას ახმოვანებს. მისი ინფორმაციით, „მუხროვანის ამბოხის“ ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ღვალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და პარტიის აკრძალვას ითხოვს.
„მხოლოდ ჩემს ჩვენებაზე აიგო „მუხროვანის ამბოხის“ მთელი სცენარი. თუ ჩემი სიტყვებით წყდება ყველაფერი, მე დღეს ვამბობ, რომ „მუხროვანის ამბოხის“ ორგანიზატორი იყო მიხეილ სააკაშვილი. დაიჭირონ და გაასამართლონ ის! დიახ, სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ამბოხის ორგანიზატორი, რადგან მისმა ფაშისტურმა რეჟიმმა მიიყვანა ჯარი ამ მდგომარეობამდე“, – აცხადებს გია ღვალაძე.
მისი თქმით, „მუხროვანის ამბოხის“ საქმე მხოლოდ მის ჩვენებაზეა აგებული. გია ღვალაძე ამბობს, ის 2009 წლის 4 მაისს ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩაზე დააკავეს, სადაც დაჰკითხეს კიდეც. გია ღვალაძე ბოდიშს უხდის იმ პირებს, ვის საწინააღმდეგოდაც მაშინ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მან ჩვენება მისცა.
„შემიყვანეს დასაკითხ ოთახში. შემოვიდა ვიღაც ბრგე აღნაგობის კაცი, ქუთაისური კილოთი ლაპარაკობდა. მას შემოჰყვნენ გერონტი ალანია და „მასტერა“. უკვე დაიწყო მუქარები, რომ მთელი ცხოვრებას ციხეში გავატარებდი. თავს დავიღუპავდი, თუ არ ვიტყოდი იმას, რაც მათ სურდათ. კობალაძეზე ჰქონდათ ძირითადი აქცენტი, კობალაძე დაგვაჭერინეო, მეხვეწებოდნენ. – რა კობალაძე, რა გახოკიძე, რა თევზაძე, რა გრუ-ს აგენტები- მეთქი? თქვი, ბიჭო, თავს ნუ იღუპავ, თორემ შენთანაც შემოვალთ, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი ცოლი მარტოა – ეს პირადად „მასტერამ“ მითხრა. ოღონდ კობალაძე გაეწირათ და ყველაფერისთვის მზად იყვნენ, თქვი, რა გინდა, საფრანგეთში გაგიშვებთო. ამ დროს შემოვიდა გიორგი ყაველაშვილი – ყველაფერი დამთავრდა, მოყომარდაო. კრიალაშვილი „ტრუპიაო“, ასე მითხრეს, 5 მაისის გამთენიისას, ანუ გიას მკვლელობამდე მთელი 20 დღით ადრე, ეს თქვა გიორგი ყაველაშვილმა, ახლა მერაბიშვილი რომ ამბობს, მკვლელობის ბრძანება არ გამიციაო, იქნებ, ისიც ახსნას, რატომ ამბობდნენ მოდულში მთელი 20 დღით ადრე, კრიალაშვილი „ტრუპიაო“, -ამბობს გია ღვალაძე.