მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი, ძირითადად, სახლში იყო. არის ასაკოვანი ქალბატონი. „ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ჩვენთან გადმოიყვანეს.
ჩვენს ცენტრში ამჟამად 41 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა დატოვეს. შემოგვემატა ერთი. ყველაზე მძიმე ახალი პაციენტია, მას ოთხი რისკის ფაქტორი აქვს, არის მაღალი ასაკის, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, ჯერჯერობით, კრიტიკული არ არის. მძიმე ინსტენსიური პაციენტია, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია, ჩატარებული კვლევების მიხედვით მძიმე პნევმონია აქვს. დაავადება, ჯერჯერობით, პროგრესირებს. ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება. ერთი მძიმე პაციენტი გვყავდა და მისი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.