მარინა ეზუგბაია: ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების პირველწყარო, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
მისივე თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან ერთი მათ კლინიკაშია მოთავსებული.
“ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინე სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცინო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველწყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. ჩვენთან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი, ძირითადად, სახლში იყო. არის ასაკოვანი ქალბატონი. „ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ჩვენთან გადმოიყვანეს.
ჩვენს ცენტრში ამჟამად 41 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა დატოვეს. შემოგვემატა ერთი. ყველაზე მძიმე ახალი პაციენტია, მას ოთხი რისკის ფაქტორი აქვს, არის მაღალი ასაკის, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ჯერჯერობით, კრიტიკული არ არის. მძიმე ინსტენსიური პაციენტია, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია, ჩატარებული კვლევების მიხედვით მძიმე პნევმონია აქვს. დაავადება ჯერჯერობით პროგრესირებს. ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება.
ერთი მძიმე პაციენტი გვყავდა და მისი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.