მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ადგილებს ვერ იყოფენ, ჩვენ გუნდში კი ისეთი ერთობაა, როგორიც აქამდე არ მახსენდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, “ქართულ ოცნებაში” ისეთი ერთობაა, როგორიც აქამდე არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, მათი საარჩევნო სია, სავარაუდოდ, ზაფხულის მიწურულს გახდება ცნობილი.

„დარწმუნებული ვარ, პრემიერმინისტრს შემთხვევით არ უთქვამს კვოტების შესახებ. ასეთი საკითხები ჩვენთან არ არის, არ არის კვოტები, არის ოპოზიციაში, რომელშიც ე.წ. ერთობა დაიშალა და ახლა ჩხუბობენ, ვინ დაჯდება პარლამენტში, ვინ იქნება პრემიერმინისტრი. კვოტებს ვერ იყოფენ და მგონი, 73-ის ნაცვლად 30 მაჟორიტარი იმიტომ არ აწყობთ, რომ ვეღარ ინაწილებენ და ვერ იყოფენ ადგილებს.
ჩვენ ასე არ ვუდგებით. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რა ინსინუაციებიც არ უნდა მოჰყვეს ამ განცხადებას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით არის ისეთი ერთობა, რომელიც ძალიან იშვიათად ყოფილა ხოლმე. დღეს ეს გუნდი როგორც არის შეკრული და არ კამათობენ პრინციპულ საკითხებზე, ასეთი მე პირადად არ მახსენდება. ძალიან კარგია, როდესაც მმართველ გუნდში ასეთი ერთსულოვნებაა მიდგომებთან, პრინციპებთან, თუნდაც სიის შედგენასთან დაკავშირებული პრინციპების ირგვლივ.
ჯერ მაჟორიტარებზე ჩამოვყალიბდებით. ეს უფრო საჩქარო ამბავია და შემდეგ უკვე, ზაფხულის მიწურულს, ალბათ, გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებულ სახელებსა და გვარებს. რაღაც გადაწყვეტილებისკენ რომ ვიყოთ წასული, გადაწყვეტილების პროექტი იყოს, მე დღეს ამაზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებოდით. ჯერ ერთი გადაწყვეტილების კონტურებიც კი არ არის. მოსაზრებები არსებობს და გუნდში მიდის ზოგადად ამის განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ამ მიმართულებით ჯერ არ წავსულვართ. წინასწარ ამაზე არ ვილაპარაკებთ.
ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში, სიაში ყოფნის შემთხვევაშიც არ დავაკლებ ბრძოლას და პოლიტიკურ ბრძოლაში არასად უკან არ დავიხევ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები