“კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.
“4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ახლა 822 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 4 და მათი რაოდენობა 690 გახდა. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი ჯერჯერობით კვლავ 84-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
4 ახალი შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტია, ორი იმპორტირებულია, ორივე საკარანტინე ზონიდანაა. ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი ჩვენი კლინიკის პერსონალი არ არის. 30 იანვრიდან დღემდე ჩვენ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევა არ გვქონია.
ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში 43 დადასტურებული შემთხვევაა მოთავსებული, გუშინ სამი ახალი დაგვემატა. ერთი არის საბურთალოს დადასტურებული შემთხვევა, ერთი – შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ერთი არის წინა დღის, მარნეულის დადასტურებული შემთხვევა.
პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჯერჯერობით, კვლავ გვყავს ერთი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკურად ვლინდება, რომ გაუმჯობესება გვაქვს, ალბათ, მომდევნო დღეებში მძიმეთა სიას ისიც დატოვებს. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.