კონსტანტინე გამსახურდია: რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხვილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება
“რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხვილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და კახა მიქაიას პასუხობს.
რამდენიმე დღის წინ მიქაიამ კონსტანტინე გამსახურდიას კითხვით მიმართა, შეიძლება თუ არა, გიორგი რურუა, როგორც ჯაბა იოსელიანთან დაკავშირებული პირი და ერთგული თანამებრძოლი, რომელიც „მხედრიონის” მიერ განხორციელებულ თითქმის ყველა „სპეცოპერაციაში” მონაწილეობდა, პოლიტიკის ფაქტორი იყოს ან იწოდებოდეს პოლიტპატიმრად, როგორც მას ოპოზიციური პარტიები და დასავლელი პარტნიორები უწოდებენ.
გამსახურდიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას, 1991-1992 წლების მიჯნაზე დატრიალებული მოვლენები ცნო სახელმწიფო გადატრიალებად, რაც იმას ნიშნავს, რომ არის მხარე, რომელმაც დაამხო სახელმწიფო და პასუხისმგებელი, პირველ ყოვლისა, ოფიციალურადაც ის მხარეა.
„ბატონებს, კახა და ლაშა მიქაიებს დიდ პატივს ვცემ, ისინი სამეგრელოს „ვანდეას” მონაწილეები იყვნენ, მათ თავზე გადაიარა საქართველოს დაცემის, პატივაყრის უმძიმესმა დღეებმა და იმავდროულად ბრძოლამ, სადაც უმთავრესი საკუთარი არჩევნისადმი ბოლომდე ერთგულების დემონსტრაცია იყო. ჩვენ პუტჩის, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის ჩართვით სამოქალაქო ომში ჩაგვითრიეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ჩავყევით. გიპასუხებთ, ბატონო კახა, საქართველოს პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას 1991-1992 წლების მიჯნაზე დატრიალებული მოვლენები ცნო სახელმწიფო გადატრიალებად (ჩვენთვის, ცხადია, ეს იმთავითვე ასე იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ არის მხარე, რომელმაც დაამხო სახელმწიფო და პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ოფიციალურადაც ის მხარეა. მე ვუსმინე გიორგი რურუას გამოსვლას ტელევიზიით იაგო ხვიჩიასთან და იქ არ ჩანდა რამე დანანება ამ ფაქტის გამო. დიალოგისას ლამის ყველაფერი ზვიადს დაბრალდა. რურუა მიიჩნევდა და, ალბათ, დღესაც მიიჩნევს, რომ ისტორიის სწორ და ნათელ მხარეზე იდგა. დღეს ჩვენ მართალია, ერთმანეთს აღარ ვესვრით, რაც თავისთავად პროგრესია, მაგრამ ნამდვილი შერიგება ჩვენს ქვეყანაში მაინც არ მომხდარა იმიტომ, რომ შერიგება მხოლოდ ისტორიული სიმართლის საფუძველზეა შესაძლებელი. სამართალი კი იგვიანებს. როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ეს იგივეა, რომ ფეხებზე 50-60-კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება. დიახ, რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხვილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება”, – პასუხობს კახა მიქაიას კონსტანტინე გამსახურდია.