ამირან გამყრელიძე: რაც „ფაბრიკასა“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვირუსის გავრცელების ბევრად მომატებული რისკია, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა საგანგაშო ფაქტი არ არის, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა და რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

მისივე თქმით, „ფაბრიკასა“ და პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“ ხალხმრავლობა დაფიქსირდა, რაც მიუღებელია.

„რვა ახალი შემთხვევა საგანგაშო არ გახლავთ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება, გვქონდეს სამიც, ხუთიც, რვაც, ათიც და მეტი შემთხვევაც. ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. მხოლოდ ერთს მოგიწოდებთ, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, იმ „ფაბრიკაში“, იმ პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“, დიდი თავშეყრის ადგილებში, გავითავისოთ ის, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში, უყურებთ ხომ ბრაზილიაში რა ხდება, რუსეთში რა ხდება, ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში რა ხდება. არ დამარცხებულა ეს ინფექცია და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნუ გავთამამდებით, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვსაუბრობთ – დისტანცია, ახლა პარლამენტი იღებს კანონს პირბადის აუცილებელი ხმარების შესახებ საჯარო სივრცეებში, რამდენიმე ადამიანის თავშეყრის დროს, სად, როგორ უნდა გამოვიყენოთ და ა.შ. მაგრამ ჯარიმებით და დასჯით არა, თვითშეგნებით.

აქამდე ხომ ვიმუშავეთ და ყველას დიდი მადლობა, დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში და სოლიდარობა. ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებ დაზიანებულია დღეს. გთხოვთ, გავაგრძელოთ კიდევ ასე მუშაობა. რაც მე „ფეისბუქში“ ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში“ იმ დღეს, რა ხდებოდა პეტრიაშვილზე, ყველას გვინდა, გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხანს, ვიდრე პანდემია არის, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია, რაც იმ დღეს „ფაბრიკასა“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები, დამერწმუნეთ. რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები, ჯანმრთელი ახალგაზრდობა.

იქ კი შესაძლებელია, დიდი ალბათობით, მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი „ფაბრიკაში“ უცბად გადასდებს დაახლოებით 20-ს. არ გვინდა ეს. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები