მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში პრემიერობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა, ფაქტია, რომ ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან
“ოპოზიციაში პრემიერმინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკების პროცესში ვინც კი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზია გამოთქვა, მას თავად ოპოზიცია დაესხა თავს.
„ვინც განაცხადა გარკვეული პრეტენზია, ყველას თავად დაესხნენ თავს. ჩამოყალიბდნენ და მერე გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით კომენტარები, თორემ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დღეს თუ ერთი ოდიოზური პოლიტიკოსი ეყოლებათ და ხვალ – მეორე, ყოველ დღე ცოტა გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან როგორც კი პარლამენტში ადგილების დანაწილება და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე საუბარი დაიწყეს. პრემიერმინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა”, – განაცხადა მდინარაძემ.