მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი – მარნეულს, ორი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია
“კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი საკარანტინე სივრციდანაა, სამი კი სამედიცინო პერსონალია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.
“გუშინდელი დილის მონაცემებით, 810 დადასტურებული შემთხვევა იყო, 8 ახალი შემთხვევა დაგვემატა. 818 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და სულ 686 გვყავს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 84-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 119 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.
8 ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი საკარანტინე სივრციდან – შემოტანილია, ანუ იმპორტირებული, მაგრამ ქვეყანა არ ვიცი. სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის. არცერთი პაციენტი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა.
ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არცერთი ჩვენი სამედიცინო პერსონალის დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია.
ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განსაკუთრებით საუკეთესო სამსახურია, დღემდე დაავადების ზომიერი კონტროლირებადი მატებაა, რაც შემთხვევითი არ არის. ეს ამ სამსახურის განსაკუთრებული მუშაობის შედეგია.
ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 40 დადასტურებული შემთხვევაა მოთავსებული. მათი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ გვყავს ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. უკვე მეორე დღეა, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა და, ალბათ, მალე გამოჯანმრთელების პროცესიც დაიწყება, დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქის სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.