შალვა კიკნაველიძე: ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს
“ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს”, – ამის შესახებ ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ განაცხადა.
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში კოოპერატივ “აგრომომავალის” მიერ გაშენებული ჟოლოს მეურნეობა დაათვალიერა. უმრავლესობის წევრმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად პირველი მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებსა და დამატებით შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
“ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივმა ფერმერებმა 2 წელში საკუთარი მეურნეობის მნიშვნელოვნად გაფართოება. წელს კოოპერატივი პირველ მოსავალს იღებს და ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი გამოჩნდება. მომავალი წლიდან კი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი USAID- ის დახმარებით კოოპერატივს იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი უნიკალურო სამაცივრე მეურნეობაც ექნება, რაც ქართული პროდუქტის უცხოეთის ბაზარზე გატანის საშუალებას მისცემს”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არსებობს.
“ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ზოგადად სოფლის განვითარების კუთხით, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უპრეცენდენტოა. ამიტომ, ჩვენთვის დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურად ბევრი ადამინი დავაინტერესოთ ადგილობრივი წარმოებით. ამ პროცესში როგორც მოქმედი მეურნეობების, ასევე დამწყები ფერმერებისა და უბრალოდ დაინტერესებული პირების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, არსებობს კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, უკვე შემდგარი ადგილობრივი ბიზნესის არაერთი მაგალითი, რომელთა გათვალისწინებითაც ვფიქრობ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით”, – განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
კოოპერატივი “აგრომომავალი” 10 ადგილობრივი ფერმერის ბიზნესია. 2018 წელს “დანერგე მომავალის” დახმარებით 8 ჰექტარ მიწაზე დაწყებული მცირე მეურნეობა დღეს უკვე 25 ჰექტარზე გაშენებული ჟოლოს პლანტაციაა. კოოპერატივმა USAID-ისგან სპეციალური სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად გრანტიც მიიღო და 2021 წლიდან ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.