ირაკლი კოვზანაძე: მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
„პანდემიამ პრობლემები შეუქმნა საფინანსო სექტორს, გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, შესაბისად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემსუბუქდეს კრიზისის გავლენა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასახმარებლად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
ონლაინდიალოგისას მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მიკროსაფინანსო სექტორის აქტივების ზრდა და მათი მოქმედების არეალის კიდევ უფრო გაფართოება, ისინი ამჟამად 600 ათასს მომხმარებელს ემსახურებიან”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და მზადყოფნა გამოთქვა, მიკროსაფინანსო სექტორს კრიზისის ნეგატიური ეფექტის გადალახვასა და დაძლევაში დაეხმაროს.
დღეს საქართველოს ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს.