18 თვე დარღვევის გამოსავლენად – ევროინტეგრაციის კომიტეტმა ანტიდემპინგურ კანონს მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გააცნო.
როგორც გენადი არველაძემ განმარტა, დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიაში შეიძლება, შეიცვალოს ის ვადა, რაც კონკურენციის სააგენტოს ამა თუ იმ პროდუქციაზე დემპინგის დასადგენად მოკვლევისთვის სჭირდება. ამ ეტაპზე, მოკვლვისთვის 12-თვიანი ვადაა განსაზღვრული, თუმცა შესაძლოა, ის 18 თვემდე გაიზარდოს.
ეს კანონი კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს, რისთვისაც სააგენტოს ბაზაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას. რამდენი დაუჯდება ეს ბიუჯეტს, კანონპროექტში განმარტებული არ არის.
დემპინგურ ზღვარს ეს კანონი განსაზღვრავს, რომლის შემდეგ კონკურენციის სააგენტო მთავრობას მიმართავს ან წინასწარი ან სპეციალური, ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთვის. წინასწარი ტარიფი 6 თვით შეიძლება, დაწესდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ მოკვლევის დასრულებამდე ადგილობრივი პროდუქცია, იჩაგრება. სპეციალური ტარიფი კი უკვე, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდება მისთვის, ვინც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისა და გამოყენების წესს ადგენს მუხლი 18, რომლის მიხედვით “საქართველოს მთავრობა ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე შესწავლის ობიექტის თითოეულ ექსპორტიორზე ან საქონლის მწარმოებელზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს შემოიღებს ინდივიდურად არადისკრიმინაციულობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს.
შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ინტერესები”.