ვაჟა სირაძე: ვარკეთილში მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დაშავებული არავინაა
საპატრული პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ვარკეთილში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, შეიარაღებული მამაკაცი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა ჩაკეტილი და რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და მამაკაცთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
“ამ ეტაპისთვის, როგორც მოგეხსენებათ, პიროვნება არის შეიარაღებული. სავარაუდოდ, იმყოფება ნასვამ მდგომერობაში. მარტო არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე უმისამართო გასროლა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ადამიანთან როგორც პირადად, ასევე, სატელეკომუნიკაციო საშუალებებით. დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინაა, კონკრეტულად არავის მიმართ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები – შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.