რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებები “ნაცკლასტერისთვის” უბრალო სტატისტიკა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საინტერესო სხდომა გაიმართა და ის ფორმატი, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალს, ჩვენი გუნდის მიერ არის უზრუნველყოფილი. საუბარია, როდესაც პარლამენტი დადგენილებით იღებს სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ჩვენ ამ დადგენილებით შესაბამის სამთავრობო უწყებებს დავალებად ვაძლევთ რეკომენდაციების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშიდან 85%-ის გაზიარება მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ თითოეულ უწყებას ან დასრულებული აქვს უკვე კონკრეტული რეკომენდაცია ან მიმდინარეობს შესრულების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია, რათა ადამიანის უფლებების სტანდარტი, ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად ვითარდებოდეს, რაც ყოველი ჩვენგანის ამოცანაა. ყოველივე ამის პარალელურად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, დღესაც ისე აღმოჩნდა, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის დროს იყო – რადიკალური ოპოზიცია არც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრო, რაც, თავის მხრივ, მრავლისმეტყველია.
სხდომაზე მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი საკითხი წამოვჭერით, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ სამართლიანობის განცდა ჰქონდეს საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების 85%-ის შესრულება მოხდა და რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს, ჩვენთვის ადამიანის უფლებებს როდესაც ეხება საქმე სტატისტიკა ნაკლებად მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანის ერთი უფლების შელახვაც თანაბრად ძვირფასია ჩვენთვის და თანაბარ ვალდებულებას გვიჩენს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. სტატისტიკა ნამდვილად იყო “ნაცკლასტერისთვის” იმიტომ, რომ დღეს მერაბ ქვარაიამ სხდომაზე გაიხსენა ელენე თევდორაძის ინტერვიუ, რომელიც ციხის ბუნტის შემდეგ გაკეთდა. ციხის ბუნტის დროს, როდესაც ადამიანები დახოცეს და ეს ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი იყო, რომ კიდევ 200 ადამიანი უნდა მოვკლათ და ჭკუით თუ არ იქნები, შენც მიგაყოლებ – ეუბნებიან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის იმ დროინდელ თავმჯდომარეს. მეორეს მხრივ, პასუხი ბოკერიასგან, რომ 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ პატიმართა რიცხვი, რომ ახალი დაფინანსება მივიღოთ და ახალი ციხეები ავაშენოთ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანებს იჭერდნენ იმისთვის, რომ სტატისტიკა შეექმნათ, რათა მეტი გრანტი აეღოთ თურმე, ანუ მათთვის სამართლიანობა და უსამართლობა არაფერს წარმოადგენდა. ეს არის ის სხვაობა ადამიანის უფლებების მიმართ თუ რა იყო და რა არის დღეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის გააზრება გვიჩვენებს, სად ვიყავით, სად ვართ. ცხადია, ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, რადგან ადამიანის უფლებების სტანდარტი მოითხოვს მუდმივ, ძალიან ფხიზელ ზედამხედველობას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.