რატი იონათამიშვილი: თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, უკვე საკმარისია, რომ თითოეული ჩვენგანი დავირაზმოთ, რათა მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილებოდა, აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა შეაფასა.

მისი თქმით, თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, უკვე საკმარისია, რომ თითოეული ჩვენგანი დავირაზმოთ, რათა მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული და კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ფორმატი სწორედ ჩვენი დანერგილია. სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტი დადგენილებას იღებს და, ფაქტობრივად, კონკრეტულ სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებს ავალებს, რეკომენდაციები შეასრულონ. ჩვენ უწყებების მხრიდან ვისმენთ ანგარიშს და ვეცნობით ამ დავალებების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები განვითარდეს და, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუტი, იყოს ძალიან ძლიერი, რაც ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, ამიტომ ეს პროცესი საინტერესო და უნიკალურია. მე ვხედავ და დღევანდელი მოსმენებიც მაძლევს ამის საფუძველს, რომ საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია შესრულებულია, ასევე, ჩვენ 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე, რეკორდული – რეკომენდაციების 85% გავიაზრეთ. უბრალოდ, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ციფრები არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი დავირაზმოთ, რათა ამ უფლების დარღვევა აღვკვეთოთ და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები