მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ერთი ახალი, დადასტურებული შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი მკურნალობს.
“მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს და საქართველოში სულ 801 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და 644-ია. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე თითქმის სამ-ნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რიცხვს და გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 80-ზე მეტია.
ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის არსებული წყარო, საბურთალოს წყაროა, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი.
ჩვენი ცენტრის მონაცემები, ჯერჯერობით, უცვლელია. 57 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ამ ეტაპზე პრობლემური, მძიმე ავადმყოფები არ გვყავს. გვყავს ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით, დანარჩენების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, უმეტესად საშუალო სიმძიმის პაციენტებია. გამოჯანმრთელების მონიტორინგი გრძელდება და დღეისათვის, დაახლოებით, 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი. ვნახოთ, დინამიკაში რა მონაცემები გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.