გორის მერი: ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალი ანაზღაურდება
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის პირველი პირი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მან ადგილობრივებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და შექმნილი პრობლემის დროულად მოგვარების პირობა მისცა.
„ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.დაუყოვნებლივ შეიქმნება კომისია, დაითვლება ზარალი და მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება კორპუსის სახურავის აღდგენა”,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, დღის მეორე ნახევარში. გორში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. ამ დრომდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე რჩებიან და ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლიან.