შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად სოფელ აჯამეთში მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

უმრავლესობის დეპუტატმა ადგილობრივ მეწარმეებს იმ სახელმწიფო პროგრამებისა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით. ამასთანავე, დავუფასოთ შრომა ფერმერებს და მივცეთ ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ადამიანებს სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროგრამებისა და შეღავათების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

შალვა კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ შეძლოს იმპორტის ჩანაცვლება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და გაძლიერდეს სოფელი.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი. გარდა იმისა, რომ ვქმნით ჯანსაღ, ქართულ პროდუქტს, ჩნდება ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი. ძლიერდება ქართული ბიზნესი, ეკონომიკა და სოფელი. ვფიქრობ, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროექტებთან ერთად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს სოფელში დაბრუნების სურვილს გაუჩენს, იმ ფერმერებს კი, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ, ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები