გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მასწავლებლებთან ონლაინშეხვედრა გამართა

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მასწავლებლებთან ონლაინშეხვედრა გამართა და დისტანციური სწავლების კუთხით გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

რწმუნებული ასევე გაეცნო ონლაინ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ვიდეო გაკვეთილებისა და დავალებების მომზადებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ამ გამოწვევას გურიის რეგიონის სასწავლო დაწესებულებებმა ღირსეულად უპასუხეს და მოსწავლეებს ყოველდღიურად დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოწვევისთვის თავის გართმევა, რომელიც კრიზისულ პერიოდში თქვენ გამოიჩინეთ. მოსწავლეების თითქმის 98% იყო ჩართული ონლაინსწავლებაში და მათ სწავლის პროცესი არ შეუწყვეტიათ. მინდა, გულწრფელი მადლობა გითხრათ ნაყოფიერი შრომისთვის, მადლობა, რომ აქტიურობდით“, – მიმართა ზურაბ ნასარაიამ პედაგოგებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადებულიყო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლებისთვის სწავლების ალტერნატიული ფორმები იქნა შეთავაზებული, მათ შორის, დისტანციური სწავლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები