ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ნატო-ს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ

„წელს ვგეგმავთ  რამდენიმე ასეული, ნატო-ს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენასა და არსებულის ჩანაცვლებას“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა.

„ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას – ნატო-ს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენასა და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას ღირსეულად გაართვას თავი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას, მობილიზაციასა და თავდადებას გაუსვა ხაზი.

„ჯარის გამოჩენისთანავე გამოჩნდა სხვა ენერგია და ძალა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირ პოლიციელებთან ერთად მართლაც უპრეცედენტო და მძიმე შრომას ეწეოდნენ 24 საათის განმავლობაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1 მილიონ 700 ათასი ავტომობილის დეზინფექცია მოახდინა ჯარმა და სამხედრო ექიმებმა 2,5 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. ეს არის ზღვა სამუშაო. რაც მთავარია, 158 ადამიანის გამოვლენა მოხდა, რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა. ანუ აქაც ძალიან სერიოზული პრევენცია მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ ჯარისკაცს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები