ლაგოდეხში სასმელი წყლის გამრიცხველიანების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ლაგოდეხში მოსახლეობამ სასმელი წყლის ხარისხი და ტარიფი გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, გამრიცხველიანების ჩვენებით გადახდა ასობით ლარი დაუჯდებათ. ისინი წყლის საფასურის სულადობის მიხედვით გადახდის დატოვებას მოითხოვდნენ.

“ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ ცალკე იყოს სასმელი და ცალკე სარწყავი წყალი, თუ გამრიცხველიანება მოხდა, ორივეს გადასახადი ერთად მოგვიწევს და ამდენი თანხა არ გვექნება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდნენ. მათი განმარტებით, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება და 24-საათიანი გრაფიკით უზრუნველყოფა მხოლოდ გამრიცხველიანების შედეგად მოხდება.

“ჩვენი მიზანი გამრიცხველიანებისა, გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ 24-საათიან რეჟიმში. სხა შემთხვევაში, ასე ვერ მოხდება. დიდი რისკი არსებობს, რომ გამრიცხველიანების გარეშე ლაგოდეხი უწყვეტ და ხარისხიან წყალს ვერ მიიღებს”, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელმა, გიგა მანდარიამ.

აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას და მათი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები