მარინა ეზუგბაია: დღევანდელი მონაცემებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის ბევრი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ახალი წყარო გაჩნდა, დღევანდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ვითარება კვლავ კონტროლს ემორჩილება.

ეზუგბაია მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენი ტენდენცია როგორი იქნება, ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება რომელიც გვქონდა მუდმივად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა მატება, ახალი წყაროს გაჩენამ გამოიწვია გარკვეულწილად შიში, რომ შეიძლება, სიტუაცია უმართავი გამხდარიყო. მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება. მართალია, როგორც ჩემთვის ცნობილია, საბურთალოს წყაროს პირველადი პაციენტის კონტაქტი მრავალია, მაგრამ ყველა მოძიებულია, ყველა კარანტინშია გადაყვანილი და ხდება კვლევის ჩატარება. თუ 14 დღის განმავლობაში გამოვლინდება დაავადება, ამ პირების გამოკვლევა მაშინვე ჩატარდება, თუ არა და, გარკვეულწილად, გამოკვლევების ჩატარება მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლო პერიოდისთვის, რომ პაციენტების ინფიცირების ხარისხი სწორად შეფასდეს. ჩატარდება როგორც “პისიარ” კვლევა, ასევე, სეროლოგიური კვლევებიც. ამ ორივე მეთოდოლოგიით ჩვენ ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ გამოგვეპარება მათში რომელიმე ინფიცირებული. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთაურობით, ძალიან კარგად ასრულებს თავის საქმიანობას. ეს შედეგებზეც აისახება იმიტომ, რომ ყველა ახალი წყარო რამდენიმე დღეში ხდება ხოლმე მოწესრიგებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა მოდუნდეს. თავყრილობებს უნდა მოვერიდოთ, აუცილებლად პირბადეებით უნდა ვიაროთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეინიშნება ხოლმე, რომ იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე დასაშვებია, ამიტომ ყველამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც ახლა გვაქვს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები