მარინა ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში მძიმე, პრობლემური პაციენტი აღარ გვყავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკას მძიმე, პრობლემური პაციენტები აღარ ჰყავს.
“ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა სამი დადასტურებული და ერთი შესაძლო შემთხვევა, ერთი ოჯახია და, დიდი ალბათობით, ესეც დადასტურებული იქნება, ანუ ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა და ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.
ამ ეტაპზე, კლინიკაში 58 დადასტურებული შემთხვევაა მოთავსებული. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი გვყავდა გუშინ. დღეს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით მონიტორინგი გრძელდება, რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდება. შედეგები, ალბათ, დღის ბოლოს იქნება. რაც შეეხება პაციენტების ზოგად მდგომარეობას – ჩვენი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემებით, მათთან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ისინი აღარ არიან მძიმე პაციენტები. ამ ეტაპზე, მძიმე, პრობლემური პაციენტი არ გვყავს. თუმცა არიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა, არსებული პნევმონიის გამო, რადიოლოგიური მონაცემებით, ჯერჯერობით, მაინც ჩაითვლებიან, როგორც მძიმე პაციენტები, თუმცა მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი მივიღეთ კიდევ ერთი პაციენტი და ამ ეტაპზე ორი გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.