ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა
მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.
„მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, -4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად, ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო, ხოლო მომდევნო წლებში 5.5 პროცენტზე მეტია ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა უამრავმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, სამსახური, თუმცა, არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ძალიანს სწრაფად მოხდება მდგომარეობიდან გამოსვლა”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მძიმე პერიოდში, სანამ ეკონომიკური პროცესი სრულად გაიმართება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ამ ადამიანებს შეუნარჩუნოს მინიმალური შემოსავალი, რათა მათ არ შეექმნათ ყოველდღიურობის, მიმდინარე ხარჯების გადახდის პრობლემა.
„ჩვენ, ამ მიმართულებით, თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დააზარალა პანდემიამ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვეხმარებით კონკრეტული ნაბიჯებით და გარდა ამისა, ბიზნესს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, რომელიც ასევე მწვავედ დაზარალდა, ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმების სახით, რომ კრიზისის მიმდინარეობის პროცესში მათ არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები სამსახურიდან, არ შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის გახსნაც, რაც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს. თუ მათ ჰქონდათ აღებული შვებულება, ან უხდებოდათ ნაწილობრივ მუშაობა, დისტანციურად, ახლა გადავიდნენ მუშაობის განახლებულ რეჟიმზე, დაიწყონ აქტივობების განხორციელება, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ დროებით შეჩერებული შემოსავალიც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.