მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი – სოფელ მარეთიდან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.
“დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 19-ით გაიზარდა. მათი რაოდენობა დაავადებულებთან შედარებით 78,5 პროცენტზე მეტია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.
ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში, ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევიდან. მძიმე პნევმონიით კვლავ სამი პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს. თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ. სხვა პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს – რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.