ამირან გამყრელიძე: ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა.

„ჩვენ, დღეს დილის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 57 ათასამდე შესაძლო შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული, ამ ადამიანებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ, მათ შორის აუცილებლად PCR კვლევა. დღეს, დილის მონაცემებით, 783 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი 26 შემთხვევა, მათგან 18 ქვეყანაში ყველაზე ცხელ წერტილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და კერძოდ, ყველაზე ცხელ წერტილს ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის სოფელი მუშევანი. პარასკევს მუშევანში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდი აქცია გვქონდა, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი გამოვიკვლიეთ და დადასტურდა 18 შემთხვევა. აქედან 17 შემთხვევა არის მუშევანიდან და ერთი კონტაქტი- სამედიცინო დაწესებულების მძღოლი ბოლნისიდან. 4 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი, სადაც ჩვენ გუშინ პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ და 4 შემთხვევაში კოვიდ19-ზე დადებითი რეაქცია დადასტურდა. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ საკარანტინე ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საკარანტინო ზონების აქტიური მუშაობა. ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდან ადამიანების 14 დღიან კარანტინში მოქცევა და მათი კვლევა. ასეთი 4 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის ასევე გახლდათ ტრაილერის ორი მძღოლი საკარანტინო ზონიდან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები