ამირან გამყრელიძე: მოსაზრება, რომ ნიკოტინს დამცველობითი უნარი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ამიტომ ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ

“თამბაქო პირიქით, კოვიდ ინფექციას ამძიმებს, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული „ფეისბუქლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი.

„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა.

რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს. ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემების გავრცელებას უწყობს ხელს. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა არის კოვიდის მეტად უფრო დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა, ამიტომ მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები