მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტი მიიღეს, ყველა მათგანი სოფელ მუშევანიდან არის.
“ჩვენს ცენტრში გვყავს 48 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენ მივიღეთ 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ყველა სოფელ მუშევანიდან იყო. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არსებული სიტუაციით, სუბიექტური და რუტინული კვლევების მონაცემებით, საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. დღეს ჩატარდება მათთან რადიოლოგიური კვლევა და თუ რომელიმესთან პნევმონია დადასტურდება, ალბათ მონაცემები განმეორებით შეჯერდება და სიმძიმის ფაქტორიც გამოვლინდება დინამიკაში. ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული იყო ამ ხუთიდან ერთი. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი მძიმე პნევმონია. კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს. ეს მძიმე პაციენტებიც არ არიან განსაკუთრებით მძიმეები, რადგან მათ არა აქვთ თანარსებული მძიმე დაავადებები და აქედან გამომდინარე, მათი პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უმეტესად მსუბუქია და ნაკლები პროცენტით არის საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ეზუგბაიამ.